ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

01 ივლისი, 2026

ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წელი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ახალქალაქ-კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე მიულოცეს და ხელნაწერთა ცენტრზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაზე ისაუბრეს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ,  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დოჭვირმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები დანიელი, ანტონი, მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. 

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ, კულტურულ და სამწიგნობრო ტრადიციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან დაკავშირებული ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, XX საუკუნის პატრიარქების პირადი საარქივო ერთეულები და წმინდა წიგნების იშვიათი გამოცემები. 

დამთვალიერებლებმა იხილეს V-XVIII საუკუნეების ხელნაწერები: ხანმეტი ოთხთავი (პალიმფსესტს V-VI სს), „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (ჭელიშური რედაქცია, XIV–XV, XVI სს.), გელათის ბიბლია (XII ს.), ქეთევან დედოფლის ლოცვანი (1609 წ.) ფსალმუნი (XVI ს.) და სხვა.

ამავე დღეს გაიმართა ახალი სამეცნიერო გამოცემის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია. ნაშრომი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგია და აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს. გამოცემაში XV საუკუნის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი დიპლომატკიური გამოცემის პრინციპით არის წარმოდგენილი, რაც ზუსტად ასახავს მისი შექმნის ეპოქას, სოციალურ-კულტურულ კონტექსტსა და მხატვრულ-დეკორატიულ სისტემას.

წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრეს და საზოგადოებას წარუდგინეს ავტორმა და რედაქტორმა ეკა დუღაშვილმა და ნესტან ჩხიკვაძემ. 

გამოფენა და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ქრისტიანული, კულტურული და სამეცნიერო ისტორიის კონტექსტში.